სოფელი, ისტორიული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის აუზში, მდინარე შარახევის მარცხენა ნაპირზე, თიანეთის ჩრდილოეთით, 17 კილომეტრზე. შარახევი ახლანდელი სოფლების - ზემო და ქვემო შარახევის - ისტორიული სახელწოდებაა. შარახევზე გადიოდა გზა, რომელიც თიანეთ-არტანს აკავშირებდა გომეწრის, გუდამაყრის, ხადისა და სხვა ხეობებთან. სოფლის სახელწოდებაც ამ გზიდან უნდა მომდინარეობდეს. სოფელი მჭიდროდ დასახლებული და კულტ-სამეურნეო თვალსაზრისით მეტად განვითარებული იყო. შარახევი ისტორიულად ერწო-თიანეთში შედიოდა, ადრინდელ შუა საუკუნეებში კი - კახეთის სამთავროში. საქართველოს ერთიანობის ხანაში უშუალოდ სამეფო კარს ექვემდებარებოდა, ხოლო შემდეგ კახეთის სამეფოში შევიდა. XVll-XVlll საუკუნეებში ძლიერ დაზარალდა და დაცარიელდა. XlX საუკუნის ll ნახევრიდან შარახევში ფშაველები დასახლდნენ.
|